ჯეიმზ ჯოისის „ულისე“ ქართულად 1980-იან წლებში გამოიცა, თუმცა მხოლოდ პირველი და მეორე ნაწილები, დანარჩენი კი 2012 წლამდე არ გამოქვეყნებულა. 1988 წელს გურამ წიბახაშვილმა „ულისეს“ შავ-თეთრი ფოტოსერიის პირველი ნაწილი გადაიღო. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ წიგნის სრულად დაბეჭდვის შემდეგ, მალევე შეიქმნა ფოტოსერიის მეორე ნაწილიც, მხატვარ რიტა ხაჩატურიანთან თანამშრომლობით.

მოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად აღიარებული „ულისე“ ერთ-ერთი ლიდერია ყველაზე რთულად წასაკითხი წიგნების სიაში. პირველად 1922 წელს გამოიცა; 1934 წლამდე ის აკრძალული იყო სხვადასხვა მიზეზით (მათ შორის, ეროტიკული შინაარსის გამო) ინგლისურენოვან ქვეყნებში, ასევე, კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში, საბჭოთა კავშირშიც. ზოგ ქვეყანაში წიგნზე ასაკობრივი შეზღუდვაც ვრცელდებოდა (18+). ტექსტი მოიცავს ინფორმაციას, კავშირებს ჰომეროსის „ოდისეადან“ თანამედროვე დუბლინის ცხოვრების ჩათვლით. „ულისეს“ თხრობა „ოდისეას“ თვრამეტი ეპიზოდის პარალელურად მიმდინარეობს, მთავარი გმირები კი ჰომეროსის გმირებთან არიან დაკავშირებული.

როგორც აღმოჩნდა, „ულისე“ მხოლოდ რთულად წასაკითხი და გასაგები კი არა,  ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასასურათებელი წიგნია. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტს უზარმაზარი გავლენა აქვს თანამედროვე კულტურაზე, ის იშვიათად ყოფილა ვიზუალური ხელოვნების პირდაპირი შთაგონება. არაერთმა ხელოვანმა უარი თქვა „ულისეს“ დასურათებაზე – იმდენი ქვეტექსტია, იმდენი ასოციაცია და თხრობის ხაზია, უამრავი ამბავი ხდება ერთდროულად.

წიგნი დუბლინის მცხოვრებლების ერთ დღეს მოგვითხრობს, მაგრამ ამ ერთ დღეში ჩატეულია დასავლური აზროვნების უთვალავი ფრაგმენტი, რომლებიც საერთო ჯამში „ულისემდე“ არსებულ ცოდნას აერთიანებს. აღსანიშნავია წერის სხვადასხვა სტილი: ქრისტიანული, იუდეური და სხვა; მრავალი კულტურული კონცეპტი, ცნობიერების, ფიქრების ნაკადები, აზრების უნებლიე გაელვებები, ალუზიები სხვადასხვა მითოლოგიასთან, პერსონაჟების ეროტიკული მოგონებები და ფანტაზია, რომელიც რეალობის პარალელურად იკითხება. წიგნის ბოლო თავი სასვენი ნიშნების გარეშეა დაწერილი.

ხელოვანების არც ისე დიდ ჩამონათვალს, რომლებიც „ულისეზე“ მუშაობდნენ, Telegraph.co.uk-ის 2016 წლის სტატიაში მივაგენი. მათ შორის არიან: ჰენრი მატისი, რიჩარდ ჰამილტონი, რობერტ მაზერველი, ლოურენს ვეინერი, ჯოზეფ კოშუტი. წიბახაშვილის „ულისე“ ყველა მათგანისაგან გამორჩეულია, ის დუბლინის ამბების პარალელურად, თბილისის ამბებს გვიყვება.

„წიგნის კითხვის პროცესში ისეთი რამეების შემჩნევას იწყებ, რაც მანამდე აზრადაც არ მოგივიდოდა“ – მითხრა გურამ წიბახაშვილმა. „ულისეს“ პირველი ნაწილის კითხვისას, მან საკუთარ თავში აღმოჩენილი ამ ახლებური დაკვირვების უნარის შავ-თეთრ ფირზე დაფიქსირება დაიწყო. ჯოისის თხრობის გათავისება მისი მეგობრებისა და იმ გზის გადაღებით მოახერხა, რასაც ყოველდღე გადიოდა წიგნის კითხვისას. „ულისეს“ ფოტო-სერიის ეს ნაწილი 1988 წელს არის გადაღებული. საბოლოოდ, სერიისათვის 75 ფოტო შეირჩა. მათ ჯოისის ნოველის ფრაგმენტები ხელით აქვს მიწერილი. ორმაგი თხრობა –  ფოტო+ტექსტი – წიგნთან შედარებით თითქოს მსუბუქი და უფრო მარტივად აღსაქმელია, რაც პარადოქსულად მეჩვენება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ტექსტის ფრაგმენტები დროდადრო გვაბრუნებს ჯოისის თხრობისათვის აუცილებელ, მრავალმხრივ გაშლილ აზრებთან; მეორე მხრივ კი ფოტოები წარწერებში ამოკითხული აზრების პარალელურ ამბებს ავითარებს, რომლებსაც წიგნში მოთხრობილი რეალობიდან მოწყვეტის, სხვა დროისა და მდებარეობის გამო ახალი შრეები ემატება.

 

ამასთან, ტექსტი და სურათები პირდაპირ უკავშირდება ერთმანეთს – ორივე შემთხვევაში ძალიან კონკრეტული და ჩვეულებრივი ამბებია ნაჩვენები.

გურამ წიბახაშვილის და რიტა ხაჩატურიანის ერთობლივი ნამუშევარი, „ულისეს“ მეორე ნაწილი წიგნის ბოლო, ე.წ. „პენელოპეს“ ხაზით განვითარებული ქალი პერსონაჟის გაბმული ფიქრების ნაკადია და ათ სურათს აერთიანებს. ფოტოები, რომლებზეც სხვადასხვა მოქმედების ადგილებია ასახული, უკვე ციფრული კამერით არის გადაღებული. წარწერების პარალელურად, ფოტოებს ხაჩატურიანის გრაფიკული ნახატები ემატება. ნახატი ფოტოზე ზემოდან დადებული გამოსახულებაა. ზოგჯერ მხატვარს პერსონაჟები ფოტოზე ასახულ სივრცეში შეჰყავს. ნახატები, განათების აქცენტები, თეთრად დაწერილ ტექსტებთან ერთად აღიქმება, როგორც პარალელური კომენტარები.

 

ჯოისის პირდაპირი, სასვენი ნიშნების გარეშე მიმდინარე აზრების შიშველი ნაკადი თითქოს აქაც პირდაპირ არის მოცემული, ციფრული ფოტოებით, მაგრამ ფოტოებში განათებით შექმნილ კონტრასტებსა და გრაფიკულ ნახატებს სხვა საიდუმლო შემოაქვს თხრობაში: პირდაპირი აზრების მიღმა არსებული სხვა შრეები, მითოლოგიური ალუზიები და ყოფითი დეტალები აზრის სისწრაფით ცვლის ერთმანეთს.

„ულისეში“ აღწერილ ერთ დღეში არაფერი და ყველაფერი ერთდოულად ხდება. ჯოისი იყენებს ყოველდღიურობას და მის მიღმა დამალულ ფიქრებს, რომლებიც ჩვეულებრივ მომენტებს სულ სხვაგვარად გვაჩვენებს. მიუხედავად ამისა, ეს მაინც ჩვეულებრივი მომენტებია. ტექსტში იმდენად ბევრი რეალიზმია, რომ ავტორი რეალიზმის კოლაფსამდე მიდის. მკითხველის ყურადღება ერთი აზრიდან, ერთი დეტალიდან მეორეზე, მესამეზე გადადის, ზოგჯერ კი რამდენიმე მიმართულებით იშლება. თითქოს მწერალი ნოველით სვამს შეკითხვას – შეიძლება თუ არა, ერთი დღე თავიდან ბოლომდე აღწერო? ამ დეტალებში, ასოციაციებსა და ფიქრებში კი იკარგება ყოველდღიურობის სიმარტივე. როგორია ულისეს ერთი დღე ფოტოებში? ფოტოსერია უკვე ნანახი მქონდა, როცა ტექსტი თავიდან წავიკითხე. გადაკითხვისას ყოველდღიურობასთან, ადამიანის აზროვნების პროცესთან ჯოისის სიახლოვე, ამ ფოტოების ნახვის შემდეგ, თითქოს უფრო ნათლად და მსუბუქად ჩანს. იმიტომ ხომ არა, რომ ფოტოებში „ულისეს“ ფილტრით, იქ აღმოჩენილი სამყაროს ხედვის გავლით ჩვენი თანამედროვე რეალობაა ნაჩვენები?

მარიამ ლორია

ხელოვნებათმცოდნე

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.