DIY* მიდგომა “ტრადიციული” მუსიკისადმი: გლობალური და ადგილობრივი მოდელები

თავისებურებები, რომლებიც ჟანრს განსაზღვრავს, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე გვაქვს ფოლკლორთან ან „ტრადიციულ“ მუსიკასთან, მუდმივი გადააზრების პროცესშია და ხშირად, ბუნდოვანი და ცვალებადი ხდება. ის, რაც განსაზღვრავდა ადგილობრივ ან ისტორიულ ტრადიციას, ხშირად დავისა თუ ინტერპრეტაციის საგანია და ახალ ფორმებსა და მნიშვნელობებს იძენს. შესაბამისად, ამ პროცესის პარალელურად, იცვლება ამ პრაქტიკების კვლევის, ჩაწერისა და გასაჯაროების ფორმებიც.

ბოლო პერიოდში, შეინიშნება ცალსახად ინოვაციური მიდგომები “ტრადიციული” მუსიკის შენახვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით: ახლადშექმნილი, დამოუკიდებელი ორგანიზაციები, ძირითადად ექსპერიმენტული ან „ანდერგრაუნდ“ მუსიკის გამოცდილებით, ისეთი მუსიკის ჩაწერაზე, პროდიუსინგსა და გავრცელებაზე გადადიან, ერთ დროს რომ მხოლოდ მკვლევრების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და იმ მცირერიცხოვანი თემების „საკუთრება“ იყო, სადაც ეს მუსიკა უშუალოდ იქმნებოდა. გასულ წლებში, მუსიკის მოყვარულები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეების მუსიკის კვლევისა და მოსმენისათვის Smithsonian Folkways-ის მსგავსი ლეიბლების ან სხვა აკადემიური კუთვნილების დაწესებულებების იმედად იყვნენ. 2018 წლისთვის კი ტრადიციული ჰანგების, მაგალითად სინძიანის პროვინციის მუსიკის ან სუდანური სინთეზატორისა და ვიოლინოს ჩანაწერების მოსასმენად საჭირო ფირფიტებს, კასეტებსა და ციფრულ ჩანაწერებს უფრო მეტად დამოუკიდებელი ლეიბლების კოლექციებში შეხვდებით.

ეს ახლადშექმნილი ორგანიზაციები უჩვეულო ჰანგების მოყვარულთა საერთაშორისო ონლაინ აუდიტორიას არქივში დაცული მუსიკალური ნიმუშების, უმცირესობების მივიწყებული კულტურებისა და ნიშური, ვიწროდ ლოკალური მუსიკალური ტრადიციების ამსახველი თანამედროვე საველე ჩანაწერების გავრცელების ახალ, განსხვავებულ გზებს სთავაზობენ. პროცესი, რომელსაც “მსოფლიო მუსიკა 2.0-ის” სახელით ვიცნობთ, სწორედ ის შესაძლო მიმართულებაა, რა გზითაც კავკასიის რეგიონის “ტრადიციული” მუსიკა შეიძლება განვითარდეს, პოპულარიზაციისა და გავრცელების თვალსაზრისით. მზარდი მოძრაობა აკადემიური წრეების ზოგიერთი მიდგომის კრიტიკას „ანდერგრაუნდ“, DIY მუსიკალური წრეების ეთიკასა და პრაქტიკებთან აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობამ მუსიკის აპროპრიაციის, ბოროტად გამოყენებისა და ეთიკის საკითხების გარშემო ცხარე დისკუსია და მღელვარება გამოიწვია [1], სტატია მხოლოდ მკითხველის ამ მოძრაობის კავკასიაში განვითარების სქემასთან და მის სხვადასხვა მოთამაშესთან გაცნობას ემსახურება.

დავიწყოთ მსოფლიო მასშტაბით DIY ეთნოგრაფიული ლეიბლების ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენლის, Sublime Frequencies-ით, რომელიც ვაშინგტონსა და სიეტლში ექსპერიმენტული ჯგუფის, Sun City Girl-ის წევრების მიერ დაარსდა. ლეიბლს სხვადასხვა ფორმატის 100-ზე მეტი რელიზი აქვს გამოშვებული, ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკისა და შუა აზიის მუსიკის მიმართულებით.

Sublime CDs

მათი საიტის მიხედვით, ლეიბლი “კინოსა და ვიდეოში, საველე ჩანაწერებში, რადიოსა და სხვა მოკლეტალღოვან ტრანსმისიებში, საერთაშორისო ხალხურ და პოპ მუსიკაში, ხმოვან ანომალიებსა და ადამიანურ თუ ბუნებრივ გამოხატულებებში აკადემიური კვლევების, თანამედროვე ხმისჩამწერი ინდუსტრიის, მედიისა და კორპორაციების მიერ სათანადოდ აუსახავი” ხმების გავრცელებას ემსახურება – საიდანაც ჩანს, რომ პროექტი ერთიანი ხედვითა და იდეოლოგიითაა შეიქმნილი. Sublime Frequencies-ის წევრები იმ სიცარიელეების ამოვსებას ცდილობენ, რომლებსაც ისინი მუსიკალური კულტურების გაშუქებაში აწყდებიან.

კიდევ ერთი, კარგი მაგალითია Awesome Tapes from Africa, რომელიც 2006 წელს, ბრაიან შიმკოვიცის მიერ იმ ჩანაწერების გასავრცელებლად შეიქმნა, რომლებიც მან დასავლეთ აფრიკაში ცხოვრების დროს (კასეტების ბაზრებზე) შეაგროვა. საიტის პროფილი მალევე გაფართოვდა და ლეიბლმა აფრიკელი მუსიკოსების ბეჭვდიდან ამოღებული ჩანაწერების ხელახლა გამოშვებასაც მიჰყო ხელი.

Awesome Tapes from Africa

შიმკოვიცის ცნობით, მუსიკოსები თითოეული რელიზიდან შემოსული მოგების 50%-ს ექვს თვეში ერთხელ იღებენ. ამგვარად, Awesome tapes from Africa ადგილობრივი მუსიკის გლობალურ მასშტაბებზე გავრცელების კოლაბორაციულ მიდგომას წარმოადგენს.

ასევე, პროექტი Aural Archipelago, რომელსაც მისი დამფუძნებელი და ერთადერთი წევრი პალმერ ქინი “ნახევრად ციფრულ არქივს, ნახევრად ბლოგს” უწოდებს, ინდონეზიის აურაცხელი მუსიკალური ტრადიციების დოკუმენტაციას ცდილობს. ინდონეზიის არქიპელაგის წარმოუდგენლად მრავალფეროვან კუნძულებზე მოგზაურობისას, ქინი მუსიკოსების დიდ ქსელთან თანამშრომლობს, რათა ადგილობრივ თუ უცხოურ აუდიტორიას უფასო წვდომა მისცეს მუსიკაზე, რომლის მოსმენაც სხვანაირად „რთული ან შეუძლებელი“ იქნებოდა.

Aural Archipelago

ამ ეტაპზე, არ არსებობს Aural Archipelago-ს არც ერთი ფიზიკური რელიზი, თუმცა სანაცვლოდ, იგი სრულიად თავისუფალ წვდომას უზრუნველყოფს იმ აუდიო და ვიდეო ნიმუშებზე, რომლებიც ხშირად სხვადასხვა სოციალური მედიის საშუალებითაც იპოსტება.

ამ დამოუკიდებელ ორგანიზაციათა მიდგომები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილისა და თემის ადგილობრივი მუსიკის ჩაწერის, შენახვის, გავრცელებისა და პოპულარიზაციის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. მზარდი მოძრაობა გლობალიზაციისა და ინტერნეტის ეპოქის უამრავ ასპექტთან იკვეთება და რამდენიმე სერიოზულ კითხვასაც ბადებს, რომლებიც შეგვიძლია კავკასიის რეგიონსაც მივუსადაგოთ: 1) როგორ ხდება ადგილობრივი მუსიკის ტრადიციების შენარჩუნება, შესწავლა და პოპულარიზაცია;  2) რა მნიშვნელოვანი საკითხების (პრობლემების) გამოყოფა შეგვიძლია ახლანდელ მიდგომებთან მიმართებაში; 3) გვაქვს თუ არა რეგიონში განხორციელებული მსგავსი დამოუკიდებელი პროექტების მაგალითები; და 4) შესაძლებელია თუ არა, რომ კავკასიის რეგიონის ადგილობრივმა მუსიკამ სარგებელი ნახოს ამ ახალი მიდგომებიდან?

კავკასიის რეგიონში “ტრადიციული” მუსიკის მხარდაჭერას, ჩაწერასა და დაარქივებას ძირითადად სამთავრობო ან მთავრობასთან ასოცირებული ორგანიზაციები – კულტურის სამინისტრო, კონსერვატორიები, მუსიკალური სკოლები, ფესტივალები და საზოგადოებრივი ცენტრები ახდენენ. ამ დაწესებულებებში ხშირია ნაციონალიზმის კომპონენტები, საბჭოთა აკადემიური სისტემების გადმონაშთები, მათ შორის, ამ სისტემის ნგრევისა და ქვეყნის შენების პროცესში ჩამოყალიბებული პოლიტიკური შეხედულებები და მუდმივი კამათი იმაზე, თუ რა უნდა წარმოადგენდეს მისაღებ ან ღირებულ მუსიკალურ კულტურას.

ნაწილობრივ, ეს საბჭოთა კავშირის დროს მუსიკალური ტრადიციების გაშუქებისა და პოპულარიზაციის გრძელი, სადავო ისტორიული ფესვებიდან მოდის. ეს ის დრო იყო, როდესაც მუსიკის კატეგორიზაცია, გარდაქმნა და პოპულარიზაცია შიდა ნაციონალური საზღვრების მიხედვით ხდებოდა. მუსიკის ზოგიერთი ტრადიცია – საბჭოთა რესპუბლიკებისა და ხალხების წარმომადგენლობითი სახელით – მთავრობისაგან მხარდაჭერას იმსახურებდა, ნაწილი კი სოციალური და პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად, ჩაგვრას და ზეწოლას განიცდიდა.

შეიძლება ითქვას, იგივე პრაქტიკები გრძელდება კავკასიის რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებშიც. აქ ხშირია მუსიკალური ტრადიციების ნაციონალური და ეთნიკური საზღვრების მიხედვით განცალკევება. ქვეყნები კონკრეტული მუსიკოსებისა და ტრადიციების  – როგორც უნიკალურად მათი კულტურის წარმომადგენლების –  პოპულარიზაციას ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე ახდენენ.

კავკასიაში “ტრადიციულ” მუსიკაზე საუბრის ყველაზე მიღებული ფორმა ნაციონალური მუსიკების პოპულარიზაცია და გაშუქებაა, მაგალითად, პოლიფონიური სიმღერა საქართველოში, მუღამის და აშიკის კულტურა აზერბაიჯანში, დუდუკი – სომხეთში და ა.შ. ამ დრომდე, ჩანაწერებისა და კვლევების უმეტესობა წარმოებულია რეგიონის კონსერვატორიების, ანთროპოლოგიური პროგრამების სტუდენტებისა და პროფესორების მიერ. ამ ორგანიზაციებს სახელმწიფო აფინანსებს, რომელსაც სპეციფიკური ტრადიციებისა და მუსიკოსების პოპულარიზაციაში საკუთრი ინტერესი აქვს.

თბილისელი სომხების, ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების ან სომხეთის სოფლებში მცხოვრები მალაკნების მუსიკა (და არა მხოლოდ) ხშირად ყურადღების გარეშე რჩება. გარდა იმისა, რომ ამ ტრადიციების უმეტესობა სახელმწიფო ინტერესებს მიღმაა, რეგიონი მუსიკალურად იმდენად მრავალფეროვანია, რომ მცირე, ხშირად სათანადოდ დაუფინანსებელი ორგანიზაციების მიერ ყველას გაშუქება, უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა. აქ აშკარად იკვეთება ნაპრალი მუსიკის გაშუქების, შემონახვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლის ამოვსებაც დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ არის შესაძლებელი.

როგორც აღმოჩნდა, არსებობს არაერთი დამოუკიდებელი პროექტი, რომელმაც ახალი DIY მიდგომები რეგიონის მუსიკას შეუსაბამა. წინამდებარე სტატიას ვწერ, როგორც სწორედ ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის, Mountains of Tongues-ის თანადამფუძნებელი. ორგანიზაცია 2012 წელს დაარსდა და კავკასიის ნაკლებად ცნობილი, განსაკუთრებით კი ეთნიკური, ლინგვისტური და რელიგიური უმცირესობების ტრადიციების აღწერას ემსახურება.

Mountain of Tongues: Musical Dialects of the South Caucasus

რეგიონში მოგზაურობის, მუსიკოსებთან შეხვედრების, ჩაწერისა და ინტერვიუების რამდენიმეწლოვანი პრაქტიკის შემდეგ,  საველე ჩანაწერების ალბომი Mountains of Tongues: Musical Dialects of the South Caucasus გამოვუშვით, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან 19 მუსიკალურ ნიმუშს შეიცავს. [2]

ამჟამად, ჩვენი ძირითადი სამუშაო საგანმანათლებლო აქტივობების (როგორიცაა Caucasus All Frequency მუსიკალური ჟურნალი), ვოქრშოფებისა და მუსიკალური ფესტივალის (Caucasus All Frequency Festival) წამოწყებასა და ორგანიზებაზეა ორიენტირებული. აქტივობების მიზანია რეგიონის მუსიკისადმი აღქმის გაფართოვება და სხვადასხვა წარმომავლობის მუსიკოსების დაკავშირება ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით. საველე ჩანაწერებისა და ციფრულ ცირკულაციაში მუსიკის ჩაშვების პარალელურად, ვცდილობთ რეგიონის მუსიკოსებს მუსიკალური ჩართულობისათვის დამატებითი შესაძლებლობები შევუქმნათ.

ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის საველე ჩანაწერების შექმნასა და ციფრული რელიზების გავრცელებაში წამყვანი ორგანიზაციაა Ored Recordings, ბულატ ხალილოვისა და ტიმურ კოძოკოს მიერ ყაბარდო-ბალყარეთში, მათი დაბადების ქალაქ ნალჩიკში წამოწყებული DIY ეთნოგრაფიული ჩანაწერების ლეიბლი. ლეიბლის ორივე დამაარსებელი ბლექ მეტალისა და ექსპერიმენტული მუსიკის სიყვარულით იზრდებოდა; ადგილობრივი, ტრადიციული მუსიკის მიმართ სრული გაუცხოების შეგრძნებით, რომელიც უგემოვნოდ და გადამლაშებულად ეჩვენებოდათ. მას შემდეგ, რაც DIY რეჟისორს, Vincent Moon-ს რეგიონში მოგზაურობისას მეგზურობა გაუწიეს, გააცნობიერეს, რომ ადგილობრივი მუსიკის დოკუმენტაციისა და გავრცელებისათვის ახალი მიდგომა იყო საჭირო და საკუთარი პროექტის წამოწყება გადაწყვიტეს.

Order Recordings

Ored Recordings-ს გამოშვებული აქვს ჩერქეზი არტისტების, ისევე როგორც დარგიელი, ჩეჩენი, აფხაზი და აფხაზ-პონტო-ბერძენი მუსიკოსების კრებულები. ბულატი ასევე ფილმ Bonfires and Stars-ის ერთ-ერთი მთავარი გმირია. ფილმი ასახავს მოსკოველი ელექტრონული მუსიკოსის გზააბნეულ მოგზაურობას და მის მცდელობას, შეძლოს ჩერქეზული ფოლკლორისა და საკუთარი მუსიკის შერწყმა.

და ბოლოს, ფარად ფარაზალისა და ალი ჰასანოვის ექსპერიმენტული დუო, რომელიც Naschkatze სახელითაა ცნობილი, კავკასიის რეგიონის მუსიკასთან მუშაობის კიდევ ერთ მიდგომას წარმოადგენს. ფარადი და ალი ბაქოს გარეთ ცხოვრობენ, კავკასიის ტრადიციული მუსიკის საარქივო ჩანაწერების სინთეზირებას ახდენენ თავიანთ ელექტრონულ მუსიკასთან და ამავდროულად, სხვადასხვა სახის აზერბაიჯანული არქივული ჩანაწერების მანამდე გაუციფრულებელი მასალების რელიზებსაც აქვეყნებენ.

Naschkatze

მათი ლეიბლი Geschenk Recordings აპირებს ისტორიული კომპოზიციების პირველი რელიზები ხელმისაწვდომი გახადოს სწორედ აზერბაიჯანელი „საუნდტრეკ“ კომპოზიტორების გამოუცემ, ფირიდან ფირზე გადატანილ ჩანაწერებზე აქცენტის დასმით.

ამჟამად, კავკასიაში აქტიურობით სწორედ ეს DIY ეთნოგრაფიული/ხმის ჩამწერი ლეიბლები გამოირჩევიან. მუსიკალური ჟურნალისტიკის, საგანმანათლებლო ინიციატივების, გაქრობის საფრთხის პირას მყოფი მუსიკალური ტრადიციების საველე ჩანაწერების შემონახვისა თუ აღმოუჩენელი და დაუფასებელი საარქივო ნიმუშების გაციფრულების მხრივ, თითოეული ორგანიზაცია თავისებურად ცდილობს ადგილობრივი მუსიკის გადარჩენასა და შენარჩუნებისათვის ახალი გზების ძიებას. კარგი იქნება, თუ ამ პროექტებს დავინახავთ სამომავლოდ, ახალი ორგანიზაციებისა და ინიციატივების წამოსაწყებად საჭირო პოტენციურ მოდელებად, რომლებიც უფრო და უფრო მეტ მუსიკოსსა თუ მუსიკის მოყვარულს უბიძგებს ორგანიზებისკენ, ექსპერიმენტებისა და ამ პროცესში საკუთარი, ახალი მიდგომების შექმნისაკენ.

არსებობს ვინმე, ვინც თბილისის საარქივო მუსიკის რელიზებს გამოსცემს? არსებობს დამოუკიდებელი ლეიბლი ერევანში, რომელიც რეგიონში სომხური და ქურთული მუსიკის ჩაწერაზე მუშაობს? ვინმე ხომ არ გეგმავს აზერბაიჯანში კონცერტს ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობით? (ეს შესაძლებლობების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია). თუ ასეთი არავინაა, ეს ამ მოდელების გამოყენების შესაძლებლობად შეგვიძლია დავინახოთ კავკასიის არაერთ რეგიონში. ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია “ტრადიციული” მუსიკის ჩაწერის, შემონახვისა და პოპულარიზაციის ამ ახალი მიდგომებიდან; შეგვიძლია გავიღრმავოთ წარმოდგენა კავკასიის რეგიონის დაუჯერებლად მრავალფეროვანი, მრავალწახნაგოვანი მუსიკალური კულტურების შესახებ.

 

*DIY (do it yourself) ფართოდ გავრცელებული ტერმინია და გულისხმობს გამოცდილი პროფესიონალების დახმარების გარეშე, საკუთარი ხელით შესრულებულ სხვადასხვა სამუშაოს. 

[1] იხ. ეთნო-მუსიკათმცოდნე დეივიდ ნოვაკის ნაშრომში, “ახალი ძველი მედიის ამაღლებული სიხშირეები”

[2] https://lmduplication.bandcamp.com/track/armenian-and-azerbaijani-kamancheh-medley-sergo-kamalov

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.