მოდულური პანელი

ბოლო წლებში, თბილისში მუსიკალური აქტივობების მრავალფეროვნებამ და ზოგადად, დარგის გაშუქებამ საგრძნობლად რომ იმატა, თითქმის ყველამ ვიცით: ადგილობრივმა კლუბებმა მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება და კვლავ განაგრძობენ განვითარებას; საგანმანათლებლო ცენტრების მიდგომაც გასცდა მხოლოდ “ტრადიციულ”, კონსერვატიულ განათლებას; გაიზარდა მოთხოვნა დიჯეის კურსებზე, „სონგრაითინგზე“, მუსიკის „ფროდაქშენსა“ და სხვა მომიჯნავე მიმართულებებზე.

დღეს დარბაზები გათვლილია არა მხოლოდ ელექტრონულ, საცეკვაო მუსიკაზე, არამედ ექსპერიმენტული ჯგუფების, სოლო არტისტებისა და ალტერნატიული ფორმატის კონცერტებზეც. თუმცა, ქართველ მუსიკოსებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ნაკლებად პოპულარული მიმდინარეობებით ინტერესდება, არ აქვთ ისეთივე ხელშეწყობა, როგორც მათ უცხოელ კოლეგებს, მუსიკალური აღჭურვილობის მრავალფეროვან არჩევანზე და განათლების შედარებით ვიწრო ფორმებზე წვდომის თვალსაზრისით.

მუსიკალური საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც განაგრძობს განვითარებას გამოწვევების მიუხედავად, სწორედ იმ ხალხის ერთობაა, მოდულური სინთეზით და მოდულური სინთეზატორის მსგავსი ინსტრუმენტებით რომ ინტერესდება. ეს ინსტრუმენტი უცხო თვალს ღილაკების, გადამრთველების, ციმციმა ნათურებისა და ჩახლართული, გადამყვანი კაბელების საშიშ, დამაბნეველ გროვას მოაგონებს; მოდულური სინთეზის პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის კი იგი თავისუფლების, ექსპერიმენტებისა და შესაძლებლობების უსაზღვრო პოტენციალთან ასოცირდება.

უფრო მოკლედ რომ გითხრათ, მოდულური სინთეზატორი სპეციალიზებული მოდულების, ანუ მცირე ზომის მეტალის პანელებისაგან შედგება. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ფუნქცია და მექანიზმი აქვს, მათი შეერთება კი თითქმის უსასრულო კომბინაციებითაა შესაძლებელი. ხშირად მუსიკოსები საკუთარი გემოვნებით არჩევენ აპარატურას საერთაშორისო ბაზარზე არსებული მცირე ზომის, ძირითადად დამოუკიდებელი მწარმოებლების მიერ შექმნილი ათასნაირი მოდულისაგან და უნიკალურ, საკუთარი სტილისა და მუსიკალური ესთეტიკის შესაბამის ინსტრუმენტებს ქმნიან.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამწყობების, მუსიკოსების და ამ საოცარი ინსტრუმენტის მრავალფეროვნებისა თუ სწრაფი აწყობის შესაძლებლობის წყალობით, მოდულური სინთეზი ერთგვარ აღორძინებას განიცდის. მთლიანად მოდულების აწყობასა და გაყიდვაზე ორიენტირებული მაღაზიები და მცირე მასშტაბის სახელოსნოები ჩნდება მთელ ევროპასა და ამერიკაში; სულ უფრო ხშირია მოდულური სინთეზით დაინტერესებული მუსიკოსების ტურები და შოუქეისებიც.

მრავალი არტისტი, მაგალითად, რონ ჯერო მოდულების აწყობითაა დაკავებული და სხვადასხვა მათგანს ერთმანეთს ახლებური, ორიგინალური გზებით უხამებს, აკუსტიკურ ინსტრუმენტებთან სინთეზში, რომლებიც  კონტროლერებად ან მოდიფიკატორებად გამოიყენება.

საქართველოში, სიტუაცია საგრძნობლად განსხვავდება ზემოთ აღწერილისაგან. უკანასკნელ წლებამდე, სამწუხაროდ, საქართველოში მცხოვრები მუსიკოსები საკმაოდ შეზღუდულები იყვნენ ხელმისაწვდომობის, სახსრებისა და განათლების სხვადასხვა ფორმის თვალსაზრისით, რომლებიც მოდულური სინთეზის დარგის განვითარებისთვისაა აუცილებელი.

Xaoc Devices-ის შექმნილი მოდულები ბათუმი და ფოთი

რამდენად ირონიულიც არ უნდა იყოს, პოლონურმა კომპანიამ Xaoc Devices-მა საკმაოდ პოპულარული მოდულები (უფრო ზუსტად, ოთხმაგი დაბალი სიხშირის ოსცილატორები) შექმნა, სახელად ბათუმი და ფოთი, თუმცა საქართველოში მათზე ხელი ორიოდ ადამიანს თუ მიუწვდება. მიუხედავად ამისა, მუსიკის რამდენიმე მოყვარულის მონდომებისა და შთაგონების დამსახურებით, ამ ინსტრუმენტებისადმი ინტერესი სწრაფად იზრდება. მოდულების შესწავლით, შექმნითა და მათი საშუალებით დაკვრით  უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება.

გთავაზობთ ორ მოკლე ინტერვიუს. პირველი რესპონდენტი Creative Education Studio-ს ხელმძღვანელი ნასტია სართანიაა, რომელმაც სინთეზის კურსის პროგრამის ფარგლებში პირველმა ააწყო Doepfer A-100 (მოდულური სინთეზატორის კლასიკური მოდელი). მეორე ამ კურსის შემქმნელი და მასწავლებელი, ექსპერიმენტული მუსიკოსი და განმანათლებელი თორნიკე მარგველაშვილია (სასცენო სახელით Mess_Montage), რომელიც საქართველოში მოდულური სინთეზის მთავარი ენთუზიასტია.

B.W: რამ შთაგაგონა Creative Education Studio-ს პროგრამის ფარგლებში Doepfer-ის აწყობა?

ნ.ს: ჩემთვის შთაგონება ყოველთვის ადამიანებიდან მოდის: როცა ვიღაც აღტაცებულია და სჯერა იმის, რასაც აკეთებს, აუცილებლად გამოვა ყველაფერი. თორნიკე მარგველაშვილი, CES-ის სხვა მასწავლებლების მსგავსად, ყურებამდე შეყვარებულია საკუთარ პროფესიაზე და სიამოვნებას ყოველი მოსმენილი ბგერისგან იღებს. ერთხელაც ჩემთან მოვიდა და მომიყვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა Synth 101 პროგრამისთვის მოდულური სინთეზატორი. იმდენად აღტაცებით და ემოციურად ამიხსნა, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამას მისი კურსისთვის და იმ დროს საქართველოში ფაქტობრივად არარსებული სინთეზის მოყვარულთა ჯგუფისთვის, რომ ჯამში დაახლოებით 5 წუთი დასჭირდა ჩემთვის იმის დასამტკიცებლად, რომ ინსტრუმენტი აუცილებლად უნდა გვქონოდა.

The Doepfer A-100

B.W: შენი გადმოსახედიდან, პროგრამის დაწყებიდან დღემდე თუ შეინიშნება პროგრესი?

ნ.ს:  Doepfer A-100-მდე, თორნიკეს კურსს სინთეზი 101 ერქვა, 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ძირითადად თეორიულ ასპექტებს მოიცავდა. ინსტრუმენტის შემოტანასთან ერთად, კურსმა სახელიც შეიცვალა: ახლა მას „სინთეზი და ხმის დიზაინი“ ჰქვია და 3 თვეს გრძელდება. ვფიქრობ, კურსი უფრო მუსიკალური და პრაქტიკული ხასიათის გახდა. რაც Doepfer გვაქვს, თორნიკე ხშირად ატარებს საჯარო ვორქშოფებს და ცდილობს ინსტრუმენტი CES-ის იმ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებსაც გააცნოს, რომლებსაც მისი კურსი არ გაუვლიათ. მისი ვორქშოფებისა და მასტერკლასების დამსახურებით უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეცნობა მოდულურ სინთეზს და ძლევს პირველად შიშს, უკეთ იცნობს მიმართულებას და უყვარდება ის. 

B. W: როგორ დაინტერესდი მოდულური სინთეზით?

თ.მ: მგონი მოდულური სინთეზის იდეით ბუნებრივად მაშინ დავინტერესდი, როცა სურვილი გამიჩნდა, ცოცხალი ელექტრონული შესრულებებისას, ჩემს საჭიროებებზე ზუსტად მორგებული ინსტრუმენტი მქონოდა. რაღაც მოქნილი, ყოვლისმომცველი და ინტერაქტიული მინდოდა. ასეთი ელექტრონული ინსტრუმენტი უნიკალურია და პიროვნებაზეა მორგებული, არა მხოლოდ ფიზიკურად ან ჟღერადობით, არამედ კომპოზიციის შექმნის პროცესისა და კონცეპტების მხრივაც. შეგიძლია თავად დააწესო საზღვრები, შექმნა ფორმულები, რომლის მეშვეობითაც შენი სამყაროს საინტერესოდ შესწავლას შეძლებ. ეს ინსტრუმენტი კომპიუტერს წააგავს, რომელშიც შენ წესები, პროცესები, განწყობები და ტრადიციები უნდა ჩატვირთო, ის კი უკან უნიკალურ, ბგერით ჩანახატებს დაგიბრუნებს.

B.W: რას იტყვი საქართველოში მოდულური სინთეზის ამჟამინდელ მდგომარეობაზე? რა როლს თამაშობს განათლება სინთეზის პოპულარიზაციისა და ექსპერიმენტის პროცესში?

თ.მ: ხშირად განათლება დასახულ მიზნამდე ადვილად მისასვლელი გზაა. მიმაჩნია, რომ სრულფასოვანი განათლება თეორიის, პრაქტიკის, მოსმენის, ანალიზისა და შემოქმედებითი აზროვნებისაგან შედგება. ყოველი წესი, რომელსაც სწავლობ, შეგიძლია დაარღვიო და საკუთარი წესებით ჩაანაცვლო. სკოლა ექსპერიმენტებისათვის უსაფრთხო სივრცეს უნდა გიქმნიდეს, რაც საჭირო დროს, მხარდაჭერასა და აპარატურას მოიცავს. გარდა ამისა, ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც საერთო ინტერესების ადამიანები შეიკრიბებიან და იდეებს გაცვლიან, რათა სწავლის პროცესი ხალხთან ურთიერთობის პარალელურად წარიმართოს. რამდენიმე წლის წინ, როცა მოდულური სინთეზით დავინტერესდი, ასეთი კურსი რომ ყოფილიყო, უამრავ დროსა და ენერგიას დავზოგავდი.

Mess_Montage; ფოტო: ფაბიან ბენეკე

B.W: რას ფიქრობ რეგიონის მოდულური სინთეზის მომავალზე? რა დაბრკოლებები უნდა გაიარონ ინდივიდებმა და ჯგუფებმა, სანამ სინთეზი ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა გახდება?

თ.მ: დავიწყებ იქიდან, რომ სირთულეები ბევრია. ეს ნულიდან სწავლის სიძნელეებსაც მოიცავს და ათასობით საოცარ მოდულს შორის არჩევის აუცილებლობასაც. მნიშნელოვანი მზღუდავია ფასიც. განვითარებას ისიც აფერხებს, რომ თბილისში ბევრი მოდული არ იშოვება. საბედნიეროდ, სხვადასხვა კომპანიებმა, როგორებიცაა Erica Synths, ExpertSleepers, Pittsburgh Modular უკვე გამოგვიცხადა მხარდაჭერა. ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ მხარდაჭერა ამით არ დასრულდება. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში მოდულურ სინთეზს ძალიან საინტერესო მომავალი აქვს. თუ ამ ცოცხალ მანქანებში ჩვენს უნიკალურ ისტორიას, განწყობას და მუსიკალურ ცოდნას ჩავდებთ, უკან აუცილებლად ძალიან საინტერესო შედეგები დაგვიბრუნდება. ეს ის პროცესია, რომელსაც ვეძებ, როგორც ხელოვანი: მინდა ერთად შევკრიბო ბოლომდე გულწრფელი მიდგომა, მოდულურის სიმძლავრე და სიახლეებისათვის გახსნილი გონება და შემდეგ ვნახო, რა გამოვა ამისგან.

ბენ უილერი

მუსიკოსი/ მუსიკიკათმცოდნე

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.