სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკის ფონდებში ინახება მნიშვნელოვანი, უნიკალური და იშვიათი ისტორიული წიგნები, ფოტომასალები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც „კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების“ საქმიანობასა და მის მნიშვნელობას ასახავს. სწორედ ამ საზოგადოების ძალისხმევით გახდა შესაძლებელი მოსახლეობისთვის მხატვრული ფასეულობების გაცნობა. „კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოებაში’’ გაერთიანებული იყვნენ მაღალკვალიფიციური მხატვარ-პედაგოგები, რომლებსაც მათი თანამედროვე საზოგადოების განათლების დონის ამაღლება სურდათ, მხატვრული კუთხით.

მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრიდან, ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებასთან, ქალაქთმშენებლობასთან და მდიდარი ფენის გაჩენასთან ერთად, ქალაქელების გემოვნების ხარისხმაც იმატა. მხატვრის როლი შეიცვალა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მან დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი ადამიანების კულტურული ცხოვრების განვითარებაში. უკვე 60-იანი წლებიდან, ტიფლისში ჩამოდიან მხატვრები – პეტერბურგის აკადემიის კურსდამთავრებულები – პ.ბაბაევი და ფ.ბაიკოვი.

1873 წელს, ს. ტალიზინის თავმჯდომარეობით, პირველად დაარსდა ტიფლისის მხატვრული საზოგადოება, რომელთანაც გაიხსნა ხატვის სკოლა. 1877 წლის 1 ოქტომბერს, გაიხსნა ხატვის კლასები. იმავე წლის 14 მაისს, გაიმართა „კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების“ დაფუძნების საზეიმო ცერემონიალი, რომელმაც მხატვრული საზოგადოება და ტიფლისის საიმპერატორო რუსული მუსიკალური საზოგადოების ფილიალი გააერთიანა. საზოგადოება შემოწირულობებით, საწევრო შენატანებითა და მხატვრულ-ლიტერატურული საღამოებიდან შემოსული თანხებით არსებობდა. დაარსებიდან – 1907 წლამდე, ის ერთადერთი ორგანიზაცია იყო, რომელიც მთელ ამიერკავკასიაში მხატვრულ ცხოვრებას განსაზღვრავდა. შემორჩენილია საზოგადოების წესდებაც (1877 წ. ტიფლისი).

საზოგადოების ჩამოყალიბებასთან ერთად, მხატვრული განათლება თანდათან უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. ხატვის სკოლაში მოწაფეების რაოდენობამ იმატა. სწავლების მაღალმა ხარისხმა და ნიჭიერი ახალგაზრდების წარმატებამ სასწავლებელს პოპულარობა მოუტანა; შესაძლებელი გახადა, რომ ნიჭიერ ხელოვანებს სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებინათ. სწორედ ეს სკოლა დაამთავრეს, სხვადასხვა დროს, შემდგომში ისეთმა ცნობილმა მხატვრებმა, როგორებიცაა: კ. ზდანევიჩი, გ. ბაშინჯაგიანი, ა. შამშინიანი, ა. ბაჟბეუქ-მელიქოვი, ა. ბერიძე და სხვები.

1901 წლის 10 აპრილს, „კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების“ შენობაში (არშაკუნის სახლი, გრიბოედოვის ქ.) გაიხსნა ექვსკლასიანი სამხატვრო სასწავლებელი, სახელად „ფერწერისა და ძერწვის პირველი სკოლა“, რომელსაც პირველი წლის განმავლობაში ა. კანდაუროვი, ხოლო 1902-1917 წლებში ოსკარ შმერლინგი ხელმძღვანელობდა. პედაგოგებად მოწვეულები იყვნენ ა. პრემაცი, გ. გაბაშვილი, ო. შმერლინგი, გ. ბაშინჯაგიანი, ჰ. ჰრინევსკი და სხვები.

 

1908 წლის 10 ოქტომბერს, ტიფლისში ჩატარდა სრულიად ხატვის მასწავლებლების სხდომა, რომელიც ეხებოდა ამ საგნის სწავლებას საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სხდომაზე არჩეული იქნა კომისია ო. შმერლინგის, ო. თოიძისა და ე. ტატევოსიანის შემადგენლობით. ისინი ქ. ეკატერინოდარში გამართულ პედაგოგების ყრილობაზე ტიფლისის პედაგოგებს წარმოადგენდნენ. ყრილობაზე განიხილეს საკითხები უმაღლესი სკოლების განვითარების შესახებაც. საინტერესოა, რომ უპირატესობა მიენიჭა ფერწერისა და ხუროთმოძღვრების რუსულ და ფრანგულ სკოლებს. 1922 წელს, კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ბაზაზე, თბილისის სამხატვრო აკადემია დაარსდა.

 

„კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების“ ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელია გერმანული წარმოშობის მხატვრული ლიტერატურის ილუსტრატორი და კარიკატურისტი, ოსკარ შმერლინგი (1863-1938). 1884 წელს ის იწყებს სწავლას პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, გრავიურის მიმართულებით. მოგვიანებით განაგრძობს სწავლას მიუნხენის აკადემიაში.

1892 წლიდან, თბილისში დაბრუნებისთანავე, იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას და 1902 წლამდე უძღვება სამხრეთ კავკასიაში პირველ დაწყებით სამხატვრო სკოლას; 1902-1917 წლებში არის „კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების“ ფარგლებში შექმნილი მხატვრობისა და სკულპტურის სკოლის დირექტორი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაარსების შემდგომ, აკადემიის პროფესორი. მისი მოსწავლეები იყვნენ დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი.

ო. შმერლინგის შემოქმედებაში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება კარიკატურული ნამუშევრებია, რომელშიც ასახულია იმ დროის თბილისის ცხოვრების წესი, და რომლებიც 1910-იან წლებში ბარათების სახით გამოიცა. ის თანამშრომლობნდა ისეთ ჟურნალებთან, როგორიც არის: „მოლა ნასრედინი“, „ტიფლისის ჟურნალი“ და სხვ. ო. შმერლინგი. ო. შმერლინგი არის ერთ-ერთი პირველი, ვინც საფუძველი ჩაუყარა მულტიპლიკაციის განვითარებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

1912 წლის მიწურულს, ო. შმერლინგის ხელმძღვანელობით, საზოგადოების ფარგლებში, შეიქმნა არქიტექტურულ-მხატვრული ჯგუფი, რომლის მიზანსაც, კავკასიური სიძველეების შესწავლა წარმოადგენდა. სხვადასხვა სახელმწიფო დაკვეთის პირობებში, ჯგუფმა ჩაატარა რიგი არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლების აზომვითი სამუშაოები, შეაფასა მათი მდგომარეობა და განავითარა სარესტავრაციო სამუშაოს პროექტები.

ქვემოთ წარმოდგენილია მხატვრის მიერ შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც განთავსებულია „ნატიფი ხელოვნების საზოგადოების“ სადებიუტო ალბომში. ალბომი დაცულია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქივში.

ტიფლისის ფოსტა. ო. შმერლინგი. [?] 1922 წლამდე, 23×15.5, ქაღალდი, ტუში

-Что же вы, Иванъ Ивановичъ, подушку получили по почтѣ…

-Какой тамъ…Пришлосъ 3 дня и 3 ночи дожидаться очереди для полученія этой посылки по договоренности отъ одного пріятеля… Поневоле пришлось запастись подушкой и одеяломъ…

 

За Комисарство. ო. შმერლინგი (?). 1917, 27.5×21.8, ქაღალდი, ფანქარი

 

ტიფლისის ტრამვაი. ო. შმერლინგი. 1903, 16×24, ქაღალდი, ტუში

 

კარიკატურა. ო. შმერლინგი. [?] 1922 წლამდე, 23×14, ქაღალდი, ფანქარი

 

ტექსტი მოამზადა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რარიტეტული ფონდის სპეციალისტმა, ხელოვნებათმცოდნე ირინა ელიოზოვამ.

 

ნინო გუჯაბიძე

კურატორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკის და არქივის ხელმძღვანელი

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.