MOMAშორე

MOMAშორე

ჯერ კიდევ გაზაფხულის მზიანი დღეები იყო და მეც, გათამამებულმა, წელზე პერანგშემოხვეულმა გადავწყვიტე მარჯანიშვილიდან ოპერამდე ფეხით გავლა.

  • Taip nuobodu…
  • Taip, eime į istorijos muzieju … jis yra netoliese.

ლიტველები იყვნენ. დაღლილი და უემოციო სახეებით გამოვიდნენ MOMA TBILISI-დან. ამ კანტორადან ზუსტად იმავე სახით გამოვედი ორი წლის წინ, თუმცა, ჩემი იქ მისვლის მიზეზი წმინდად სამსახურეობრივი იყო — Artreactor-ისთვის სიუჟეტს ვამზადებდი გამოფენის შესახებ — „ხიდი“, რომელიც ქართველი და ამერიკელი აბსტრაქციონისტების შემოქმედების პარალელებზე იყო აგებული (დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მხედველობის გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი ეს გამოფენა იყო).

გადავიღეთ ექსპოზიციის ფოტოები, დამთვალიერებლისგან აბსოლუტურად დაცლილი დარბაზის ვიდეოები… დიდი ძალისხმევის შედეგად, მე და გადაცემის რედაქტორმა მოვახერხეთ „ხიდის“ პოზიტიურ დეტალებზე გაგვემახვილებინა ყურადღება და ლაიტმოტივად „ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის“ მანკიერება წარმოგვეჩინა. რაღაცნაირად გამოგვივიდა, თუმცა, გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, იური ბერიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ მას არ სურს მისი შემოქმედება ისეთი გადაცემების ციკლში გაშუქდეს, რომელშიც „ჩუსტიან გოგოზე“ კეთდება მიმოხილვა. მოკლედ, დავიკიდეთ „ხიდი“, იურის შემოქმედებასთან ერთად.

თუმცა, ძნელია დაიკიდო MOMA TBILISI; ჩემთვის იმ ლიტველების გამომეტყველების დავიწყებაც ძნელია, გახსენება კი — უსიამოვნო.

უკვე მერამდენე წელია, საზოგადოება, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების ის წევრები, ვისაც გული შეგვტკივა თანამედროვე ხელოვნებაზე, ველით რაიმე სახის პერმანენტული სივრცის გაჩენას, რომელიც დარგის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული: ერთი მხრივ, წარმოაჩენს საერთაშორისო ტენდენციებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნებაში და, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ლოკალური დისკურსის განვითარებას.

თუმცა, მოლოდინი ერთმანეთზე უარესი „მიღწევებით“ მართლდება:

თბილისის სახვითი ხელოვნების მუზეუმის ფასადი.  წყარო
[1] 2013 წლიდან მწვავე განხილვის საგანია შპს „მაგთის“ მხატვართა სახლის მუზეუმი, რომლის შენობაც აბსოლუტურ დისონანსშია ქალაქის ურბანულ გარემოსთან (ჯერჯერობით უცნობია საგამოფენო პოლიტიკაც); [2] სახელმწიფოს მხრიდან თანამედროვე ხელოვნებაში არასათანადო ინვესტიციების შედეგად, თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამო საექსპოზიციო სივრცის და არასათანადო კონცეპტუალური სამუშაოების ფონზე, 2016 წელს თბილისის ისტორიის მუზეუმში გახსნილი „თანამედროვე ხელოვნების გალერეაც“ ვერ ახერხებს არსებითი ინტერვენციების შეტანას მიმდინარე სახელოვნებო დისკურსში.

ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი – თბილისი.  წყარო

ამ ყველაფრის პარალელურად კი, 2013 წლიდან რუსთაველის გამზირზე ფუნქციონირებს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (რომლის სახელწოდებაც, ინგლისურ ენაზე, კიდევ უფრო დრამატულად ჟღერს: MOMA TBILISI). როგორც წესი, ამ კანტორაში პირველი სართული სხვადასხვა ფესტივალს და ცალკეულ გამოფენას მასპინძლობს, ხოლო დანარჩენი სართულები წერეთლის თრეშით არის სავსე. მისი ხელოვნება რომ მწვალებლობაა, ამაზე ცოტა თუ დაობს. მახსოვს, ჩემმა ლექტორმა მითხრა, როდესაც მის ნამუშევრებს აღარ ყიდულობდნენ, გაჩუქებები დაიწყოო (ასე აჩუქა საქართველოს „წმინდა გიორგი“, ამერიკას — „გლოვის ცრემლი“; ამერიკისთვის კიდევ უნდოდა ერთი სკულპტურის მისაღება, თუმცა, მას შემდეგ, რაც ხუთმა შტატმა უარი განაცხადა საჩუქარზე, თავისუფლების ქანდაკებაზე 45 ფუტით მაღალი ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკება ბოლოს პუერტო რიკოს შერჩა).

„ახალი მსოფლიოს დაბადება“, 2016; ავტორი: ზურაბ წერეთელი. წყარო

მისი ხელოვნების პოპულარიზაციის ძალადობრივი მოტივები ბელადთაყვანისმცემლობაშიც გადაიზარდა, როდესაც ინტერნეტსივრცეში ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ხუთმეტრიანი სკულპტურის ფოტომასალა გავრცელდა, სახელწოდებით — „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“.

 

ვლადიმერ პუტინის ქანდაკება; ავტორი: ზურაბ წერეთელი. წყარო

თურმე 1990-იანებში თანამედროვე ხელოვნების კვლევითი საქმიანობის კორიფეობაც მონდომებია და ამ მიზნით, იუნესკოსთან თანაარსებული არტკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციისთვისაც უმასპინძლია (ამბობენ, კარგი სუფრა გაუშალაო). ნუ, რას იზამ, საერთაშორისო კონტრაბანდა ამდიდრებს ადამიანს. სიმდიდრე რომ აბსოლუტური ძალაუფლებაა, ჩვენ, ქართველებმა, ყველაზე უკეთ ვიცით.

თბილისის მთავარ გამზრიზე MOMA TBILISI-ს გახსნაც მორიგი ძალადობრივი აქტია ქალაქზე, თანამედროვე ხელოვნებაზე… არცერთხელ ვყოფილვარ ამ დაწესებულებაში (თუ არ ჩავთვლით „ხიდს“ და ორ ფესტივალს, სადაც ამ ბლოგისთვის ვიზუალური მასალის შესაგროვებლად მივედი); თუმცა, ძნელია მოვუწოდო საზოგადოების რიგით წევრებს, რომ მათაც ჩემსავით გამოხატონ პროტესტი, როდესაც ისინიც კი, ვინც ძალიან კარგად უნდა ხვდებოდნენ ამ დრამატულ ვითარებას და გარკვეული პასუხისმგებლობაც აქვთ თანამედროვე ხელოვნების განვითარება-პოპულარიზაციაზე ქვეყნის მასშტაბით, საკმაოდ ინტენსიურად თანამშრომლობენ ამ კანტორასთან.

გვავიწყდება, რომ ნებისმიერი სივრცე/დაწესებულება, რომელიც ჩვენი მოქალაქეობრივი სურვილის საწინააღმდეგოდ ვითარდება, ისევ ჩვენგან ელის ხელმეორე, თუმცა მთავარ ლეგიტიმაციას — მოხმარებას და ამით — საბოლოო აღიარებას. ერთხელ თუ მაინც შევთანხმდებით, რომ უარი ვთქვათ ბიძინას პანორამის, ჯოხთაბერიძის ყინულის სასახლის, ზურას MOMA TBILISI-ს და მიშას ბილტმორის „მოხმარებაზე“ და ამით მათთვის მნიშვნელობის მინიჭებაზე, ეს სივრცეები დაკარგავენ სიცოცხლისუნარიანობას (სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სასტუმრო „ბილტმორთან“ თანამშრომლობს დღევანდელი ხელისუფლების სხვადასხვა აპარატი, მაგ. საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (ყოფილი), თბილისის მერია და ა.შ., გავლენიანი საერთაშორისო სტუმრების განთავსებისას, ხოლო წერეთლის კანტორის სივრცეს მოიხმარს Mercedes Benz-ის თბილისის მოდის კვირეული და ქოლგა თბილისი ფოტო. ალბათ, ჯოხთაბერიძის MoMA TBILISI II-საც ეყოლება თავისი აუდიტორია, მეგობარი კურატორები და კრიტიკოსები).

 

U.G.L.Y.-ის ჩვენების პოსტერი Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში. წყარო

ყველას ვერ მოთხოვ მაღალ სამოქალაქო ცნობიერებას, მაგრამ Mercedes Benz თბილისის მოდის კვირეული და ქოლგა თბილისი ფოტო, როგორც საქართველოში კულტურისა და ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი აპოლოგეტები, ლუსტრაციის ღირსები მეჩვენება.

უკვე მერამდენე წელია, ეს ორი ფესტივალი აქტიურად თანამშრომლობს MOMA TBILISI-სთან (ეს იგივეა, თბილისი პანორამაში გარემოს დამცველმა ორგანიზაციამ იქირაოს ფართი საოფისედ). იმის გათვალისწინებით, რომ მოდა, გვინდა ეს ჩვენ თუ არა, მაინც გამოყენებითი ხელოვნებაა და (თეო ხატიაშვილს დავესესხები), სამწუხაროდ, ერთ-ერთი სასაცილო კასტა სწორედ „[ქართული] მოდის ბიზნესში მყოფი ხალხია“, შედარებით ლმობიერი ვარ მათი და MOMA TBILISI-ს კოლაბორაციის მიმართ. მიჭირს იგივე შემწყნარებლობა გამოვიჩინო ქოლგა თბილისი ფოტო-სთან მიმართებაში, რომელიც ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთ წამყვანი დარგის — ფოტოხელოვნების თანამედროვე ტენდენციების პოპულარიზაციის მიზნით, კერძო დაფინანსებასთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტით საზრდოობს.

ფესტივალის – ქოლგა თბილისი ფოტო – ერთ-ერთი ექსპოზიცია ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. წყარო

 

სამწუხაროდ, ჩემი წერილი ვერ წაშლის ისტორიიდან MOMA TBILISI-ს ცოდვებს თბილისის და თანამედროვე ხელოვნების წინაშე, ვერც იმ ლიტველი ტურისტების იმედგაცრუებულ გამომეტყველებას ჩემი მეხსიერებიდან. ალბათ, Mercedes Benz Tbilisi მოდის კვირეულის და ქოლგა თბილისი ფოტოს 2018 წლის გამოშვებებიც ისევ MOMA TBILISI-ში გაიმართება. ალბათ, ეს სივრცე ისევ დაეთამობა ისეთი არტისტების შემოქმედებას, როგორიც, მაგ., მერაბ აბრამიშვილია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავარი ლეგიტიმაციის („მოხმარებით აღიარება“) გასაღები ისევ ჩვენს ხელშია.

P.S. 2014 წელს ზურაბ წერეთელმა საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.